პაპუნაშვილი: “არ აქვს აზრი, რამდენად ძლიერია ბელარუსი – უბრალოდ, მათ უნდა მოვუგოთ!”
დღეს საქართველოს ნაკრები ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” ბელარუსის ეროვნულ გუნდს მიიღებს. ჩვენმა ბიჭებმა ათ ნოემბერს კვიპროსს მინიმალური ანგარიშით სძლიეს და ახლა ისინი ზედიზედ მეორე ამხანაგური შეხვედრის მოგებას შეეცდებიან.
Fanebi.Com-ი წინასამატჩოდ დაუკავშირდა ნაკრების შემტევს, გიორგი პაპუნაშვილს და მას განვლილ და მომდევნო შეხვედრებზე ჰკითხა.
“კვიპროსთან მარტივი მატჩი ნამდვილად არ იყო. თუმცა, შედეგით კმაყოფილები ვართ. თამაშის ხარისხი გამოსასწორებელია. ამაზე ვფიქრობთ და აუცილებლად ვეცდებით კონკრეტულ ასპექტებში არსებული პრობლემები გამოვასწოროთ. რაც შეეხება ბელარუსს, არ უნდა ქონდეს იმას მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია ეს გუნდი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავიდეთ მოედანზე და უბრალოდ მოვიგოთ თამაში.”
“წინ ერთა ლიგაა. შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიიონატზე მოვხვდეთ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ არც იქ არ არსებობს მარტივი მეტოქე. შანსები ყველას ექნება. მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჯგუფში ყველა თამაში წარმატებით ჩავატაროთ,” – აცხადებს პაპუნაშვილი.