კიელინიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში იტალიამ შვედეთის ბარიერი ვერ დაძლია (0:1, 0:0) და მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს. მატჩის შემდეგ “სკუადრა აძურას” მცველმა ჯორჯო კიელინიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შვედებმა უფრო დაიმსახურეს, ვიდრე ჩვენ. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო შეიქმნა და ამის გამო კიდევ უფრო გვწყდება გული, რომ სასურველ შედეგს ვერ მოვაღწიეთ.
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს გრძელი გზაა. ამ წარუმატებლობის შემდეგ ბევრი მუშაობა მოგვიწევს. იტალიის ნაკრები მარკო ვერატისთან და სხვებთან ერთად ახალ გზას იწყებს.
იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატი 60 წელი არ გამოუტოვებია და დღეს დიდ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. ფეხბურთი ყველას ეკუთვნის და ყველას უნდა, რომ თავისი ისტორია დაწეროს”, – ციტირებს კიელინის სიტყვებს Football Italia.