იტალიის ნაკრების მწვრთნელობის ოთხი კანდიდატურა სახელდება
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ უახლოესი ორი დღის ვადაში ჯამპიერო ვენტურას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაატოვებინებენ. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კარლო ტავეკიოსა და ვენტურას შორის შეხვედრა იგეგმება, რის შემდეგაც ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტი ვაკანტური გახდება.
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოთხი კანდიდატურა სახელდება. მთავარ კანდიდატად კარლო ანჩელოტის მოიაზრებენ, რომელიც ჯერჯერობით პროფესიული საქმიანობისგან ისვენებს. გარდა ამისა, განიხილება ანტონიო კონტეს (“ჩელსი”), მასიმილიანო ალეგრისა (“იუვენტუსი”) და რობერტო მანჩინის (“ზენიტი”) კანდიდატურები.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში იტალიამ შვედეთის ბარიერი ვერ დაძლია (0:1, 0:0) და მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.