დე როსიმ თავის საქციელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
იტალიის ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე დე როსიმ თავის საქციელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც იცით, შვედეთთან გამართული მატჩის მეორე ნახევარში ვენტურას ასისტენტი დე როსისთან მივიდა და მას უთხრა, რომ გახურებულიყო. თუმცა 34 წლის ნახევარმცველს მწვრთნელების გადაწყვეტილება არ მოეწონა.
“მე რატომ უნდა გავხურდე? ჩვენ ფრე არ გვინდა, უნდა მოვიგოთ!” – უთხრა დე როსიმ მწვრთნელს და მას მიანიშნა, რომ თამაშში ინსინიე უნდა ჩაერთოთ.
ვეტერანი ნახევარმცველის მოქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
“მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მატჩის დასასრული ახლოს იყო და ჩვენ უნდა მოგვეგო, ამიტომ ჩემს მაგივრად თავდამსხმელი უნდა გახურებულიყო. დიახ, თითი ინსინიესაკენ გავიშვირე. ვწუხვარ, თუ ჩემი საქციელით ვინმეს ვაწყენინე. ვფიქრობდი, რომ უკეთესი ინსინიეს მოედანზე შესვლა იქნებოდა”, – ციტირებს დე როსის სიტყვებს Goal.Com.