კარვახალი: “მეშინოდა, რომ გულის პრობლემის გამო კარიერის დასრულება მომიწევდა”
დანიელ კარვახალს გულთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და საკმაო ხანი გაუცდა. ესპანელმა ვარჯიში სრული დატვირთვით დაიწყო და მას ამ შაბათს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ელიან, რომელიც ლა ლიგა სანტანდერის ეგიდით შედგება.
“რეალის” მარჯვენა მცველმა უკვე აღმოფხვრილ პრობლემაზე ისაუბრა.
“შეშინებული ვიყავი, რომ იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ჩემი გული იყო, კარიერის დასრულება მომიწევდა. პირველი სამი თუ ოთხი კვირა, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებდი. იმ პერიოდში გულის ცემას აკვირდებოდნენ, რომელიც ძალიან ნელი იყო. სხეული და მისი ორგანოები თავისებურად რეაგირებენ აქტიურობაზე. განსაკუთრებით, ეს მაშინ, ხდება, როცა ათლეტი ხარ და დიდი დატვირთვა გაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ეს ყოველივე დავძლიე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.”
“დაბრუნება უფრო ადრე მინდოდა, თუმცა ექიმებთან და მწვრთნელთან საუბრის შემდეგ, გადაწყდა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველივე მატჩში მივიღებდი მონაწილეობას. როგორც ექიმები მეუბნებიან, არანაირი საფრთხე არ მემუქრება და ჩემი გული მოსალოდნელ დატვიტრთვას გაუძლებს. უკვე მშვიდად ვარ და მოუთმენლად ველი, როდის გავალ მოედანზე,” – ამბობს კარვახალი.