“მილანის” ახალი მფლობელი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი
“ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, ჩინელი ბიზნესმენი ლი იონჰონი, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში სილვიო ბერლუსკონისგან “მილანი” 860 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა, თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. წყაროს თანახმად, ლი იონჰონი კონკრეტული კომპანიის ფაქტობრივი მფლობელია, თუმცა ეს ოფიციალურად არ არის გაფორმებული. “მილანის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტის ბიზნესი იურისტების მიერ არის შემოწმებული და კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
“მილანის” შეძენამდე ლი იონჰონის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი. ის არასდროს დასახელებულა ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის. 90-იანი წლების დასაწყისში იონჰონი ჩინეთში მომხდარი თაღლითობის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო, 2013 წელს კი აქციების 43 მილიონ ევროდ გაყიდვის ფაქტის დამალვისთვის 75 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმეს. 2015 წელს ლი იონჰონი ფინანსურ კომპანიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ქვეყნიდან 85 მილიარდი დოლარი თაღლითურად გაიტანა.