პორტუგალიელი მსაჯები გაფიცვით იმუქრებიან
პორტუგალიელ არბიტრთა ასოციაცია 15 დეკემბერს გაფიცვის დაწყებით იმუქრება, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბები, მწვრთნელები და ფეხბურთელები სამსაჯო ხარისხის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვას არ შეწყვეტენ.
ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში პორტუგალიელი არბიტრები აღნიშნავენ, რომ აღარ აპირებენ იმ ბრალდებების მოსმენას, რომლის მიხედვითაც, ისინი კონკრეტულ გუნდებს ემხრობიან და სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, მსაჯები იმ პირების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც არბიტრების მიმართ ეთიკურ და დისციპლინარულ რეგლამენტს დაარღვევენ.
გაფიცვისთვის მზადყოფნას პორტუგალიის სამი დივიზიონის 76-დან 73 არბიტრი გამოთქვამს. გაფიცვის შემთხვევაში, პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩები ან გადაიდება ან შეხვედრებს პორტუგალიელი მსაჯების ნაცვლად უცხოელი არბიტრები განსჯიან.