მაიკლ კერიკს გულის პრობლემები აწუხებდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მაიკლ კერიკი დიდი ხანია, მოედანზე არ გამოჩენილა, რისი მიზეზიც თავად ფეხბურთელმა დაასახელა. ინგლისელი მოთამაშე გამოტყდა, რომ გულის პრობლემები აქვს.
კერიკმა თქვა, რომ სექტემბერში გამართული ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სიღრმისეული სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა. პროცედურის შემდეგ გაირკვა, რომ 36 წლის ფეხბურთელს კარდიოლოგიური არითმია აწუხებს. კერიკი იძულებული გახდა, გულის აბლაციის პროცედურა გაევლო, რაც წარმატებულად დასრულდა. ინგლისელი ნახევარმცველი ახლა ფორმას იბრუნებს და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ კერიკსა და “წითელ ეშმაკებს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება. 36 წლის ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” 2006 წლიდან თამაშობს.