დეშამი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე: “შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო”
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უმასპინძლებს, საფრანგეთის ნაკრებს ავსტრალიის, დანიისა და პერუს გუნდებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. წილისყრის შედეგები ფრანგთა თავკაცმა, დიდიე დეშამმა შეაფასა.
“სიმართლე გითხრათ, შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო. საკმარისზე მეტი დრო გვაქვს მეტოქეთა შესაძლებლობების გასაანალიზებლად, რისთვისაც ამხანაგურ მატჩებს გამოვიყენებთ. შედეგად კი, მოქმედების გეგმას შევადგენთ.
მაქსიმალურად ვეცდებით, ისეთ გუნდებთან გავმართოთ მატჩები, რომლებიც ჩვენი მომავალი მეტოქეების მსგავს ფეხბურთს თამაშობენ. საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფერი გამოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით მივდივართ,” – აცხადებს დეშამი.