„ვიტალი დარასელია 60“- წიგნის პრეზენტაცია
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის – „ვიტალი დარასელია 60″ – პრეზენტაციას უმასპინძლა.
„ვიტალი დარასელია 60″ ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების, ინტერვიუების, ჩანახატების და მოგონებების კრებულია და მისი წიგნის შემდგენელი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ლაშა გოდუაძეა.
პრეზენტაციას ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პირები, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციის დაწყებამდე, შეკრებილ საზოგადოებას ღონისძიების მასპინძელმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სიტყვით მიმართა: „ჩვენთვის პატივია ვუმასპინძლოთ წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ლეგენდარულ ფეხბურთელს, თბილისის დინამოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორს, ვიტალი დარასელიას ეძღვნება, წელს მისი 60 წლის იუბილეა. მომავალ თაობებს ეს წიგნი იმ ისტორიას და კვალს შემოუნახავს, რომელიც ვიტალი დარასელიამ, მისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ფეხბურთში დატოვა. და სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს წიგნი, რომლისთვისაც დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ პირველ რიგში წიგნის შემდგენელს და ყველა იმ ადამიანს თუ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ იდეის განხორციელებაში.“
„საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წელს რამდენიმე კარგი წიგნი გამოსცა და სპორტული კუთხით ძალიან წარმატებული წლის მიწურულს კიდევ ერთი გამოცემით გაგვახარა – ეს წიგნი, რომელიც ყველას საჩუქრად გადმოგეცათ, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ვიტალი დარასელიას ეძღვნება. თუ როგორი ფეხბურთელი იყო დარასელია და რა ღვაწლი მიუძღვის თბილისის დინამოს და ზოგადად, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან დარწმუნებული ვარ აქ შეკრებილი საზოგადოებიდან ყველამ ძალიან კარგად იცის ამის შესახებ. მას მხოლოდ ერთი სიტყვით მოვიხსენიებ – ლეგენდა! ვიტალი დარასელია სწორედ ასეთად შემორჩა ქართულ ფეხბურთს და ზოგადად, საქართველოს. ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალი სახელოვანი წარსულის ჯეროვანი დაფასების გარეშე წარმოუდგენელია, ეს ყველა ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს. ვფიქრობ, ასეთი გამოცემები საამისოდ მისწრებაა”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
გამოცემაზე დეტალურად ისაუბრა წიგნის შემდგენელმა ლაშა გოდუაძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქრისტინე დარასელიამ,ლეგენდარული დინამოს კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა.
Gff.Ge