“ინტერთან” ბუფონის თამაში საეჭვოა
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში ჩატარდება, სადაც ადგილობრივი “იუვენტუსი” გათამაშების ლიდერ მილანის “ინტერს” მიიღებს. “ბებერ სინიორას” გუნდის ძირითადი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, სავარაუდოდ, ვერ დაეხმარება. ამის შესახებ “იუვეს” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა.
“ძირითად შემადგენლობასა და სათამაშო მოდელზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ბუფონის თამაში ნაკლებად სავარაუდოა”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს FourFourTwo.
იტალიელ მეკარეს კანჭის კუნთების ტრავმა აქვს და ამ მიზეზის გამო მან სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ოლიმპიაკოსთან” გამართული მატჩიც გამოტოვა. ბუფონი სათადარიგო კიპერმა ვოიცეხ შჩესნიმ ჩაანაცვლა.
ალეგრიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაზეც გააკეთა კომენტარი:
“ამ მატჩით სკუდეტოს ბედი არ გადაწყდება, თუმცა “იუვენტუსიც” და “ინტერიც” ბოლომდე იბრძოლებენ ტიტულისთვის”.
მატჩი “იუვენტუსსა” და “ინტერს” შორის 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება.