გვარდიოლა: “ვინმეს ეგონა, რომ არ ვიზეიმებდით?”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მანჩესტერული დერბის შემდეგ “ოლდ ტრაფორდის” გვირაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ “მანჩესტერ სიტი” ყველა მოწინააღმდეგეს პატივს სცემს. გვარდიოლამ მოურინიოს მარცხთან ღირსეულად შეხვედრისაკენ მოუწოდა.
“ფეხბურთელებს თვითონ ვეუბნები, რომ გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ გასახდელში. არა მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს”, არამედ ყველა მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ. როცა მარცხდები, მას ღირსეულად უნდა შეხვდე”, – განაცხადა “სიტის” თავკაცმა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გვარდიოლას ჰკითხა, შეეძლო თუ არა მისი გუნდის ზეიმს “იუნაიტედის” წარმომადგენლების პროვოკაციაზე წამოგება.
“არა, ნამდვილად არა. დამიჯერეთ, არა. დერბი მოვიგეთ და ვინმე ელოდა, რომ არ ვიზეიმებდით? ჩვენ ვიზეიმეთ. ამის შემდეგ რაც მოხდა, მოხდა. იმედი მაქვს, იგივე აღარ განმეორდება. ფეხბურთის ასოციაციასთან ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ და გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ”, – დაასრულა ესპანელმა სპეციალისტმა.
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ოლდ ტრაფორდის” გვირაბში მომხდარი არეულობის დროს გვარდიოლას ასისტენს, მიკელ არტეტას წარბი გაუხეთქეს.