სფფ-ის ახალი პროექტი გულშემატკივართათვის
ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, 13 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ახალი პროექტი განიხილეს, რომელიც სწორედ საფეხბურთო კლუბების გულშემატკივართა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კლუბების მხრიდან, შეხვედრას ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის დირექტორები, ფან-კლუბების წარმომადგენლები და გულშემატკივართა მეკავშირეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მასპინძლებმა სტუმრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი გააცნეს. ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დეტალურად ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ახალ სეზონში ფან-კლუბებს მნიშვნელოვანი სიახლეები და მხარდაჭერა ელით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა დამსწრეთა კითხვებსაც ამომწურავად უპასუხეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კლუბები ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ფანებისთვის საჭირო ატრიბუტიკის, საგარეო მატჩებზე მგზავრობისა თუ სხვადასხვა აქტივობისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ.
„ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად, სხვადასხვა ახალ პროექტზე მუშაობს. მათ შორის, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა ფან-კლუბების პროექტი, რომელიც ეროვნული ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში ფანების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება- კერძოდ, 2017 წელს 20-ვე კლუბს ექნება უფლება მოითხოვოს და მიიღოს ფან-კლუბისათვის აუცილებელი ატრიბუტიკა. ყველა კლუბს შეუძლია თავად განსაზღვროს, რა ჭირდება მის ფან-კლუბს და ამის შემდეგ ინდივიდუალური მოთხოვნა წამოაყენოს…ხოლო 2018 წელს, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის 360-ვე შეხვედრაზე სტუმარი გუნდის ფანკლუბის გადაადგილებას, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად დააფინანსებს. ეს ნიშნავს იმას, რომ გულშემატკივარს საშუალება ექნება მისი საყვარელი კლუბის გასვლით მატჩებსაც დაესწროს,“- აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
Gff.Ge