მინო რაიოლა: “მილანის” პრობლემა მე ვარ”
ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებულ ამბებს გამოეხმაურა.
Gazzetta dello Sport-ში ცნობილი აგენტის წერილი გამოქვეყნდა, რომელიც ამბობს, რომ დონარუმა “მილანისთვის” პრობლემას არ წარმოადგეს. მისი თქმით, “შავ-წითლების” ხელმძღვანელობას პრობლემა მასთან აქვს.
“მირაბელის პირადად ჩემთან აქვს პრობლემა და ის დონარუმას იყენებს იმისათვის, რომ თავს დამესხას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯიჯიოს არაფერი ევნოს. მირაბელის შესაფერის დროს ვუპასუხებ. დონარუმას არაფერი დაუშავებია, ამიტომ მისი ჩემს წინააღმდეგ გამოყენება არასწორია.
ყველასათვის ნათელია, რომ ჯიჯიო “მილანის” პრობლემა არ არის. აქცენტი ანტონიო დონარუმაზე გადაიტანეს. ჩვენ არავისთვის გვითხოვია, რომ ანტონიო შეეძინათ. ეს მხოლოდ მირაბელის გადაწყვეტილება იყო. შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ჯიჯიოს ისეთი შემოთავაზებები ჰქონდა, როგორზეც უარს არავინ იტყოდა. თუმცა, ჩემმა კლიენტმა და მისმა ოჯახმა გადაწყვეტილება გულით მიიღეს და მე მათ არჩევანს პატივს ვცემ.
ეს არეულობა ყველაზე მეტად მირაბელის აწყობს, რადგან რეალურად, “მილანს” უფრო სერიოზული პრობლემები აქვს და მას ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა სურს. მე “როსონერის” საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, კლუბს წარმატებას ვუსურვებ. შეგახსენებთ, რომ “მილანის” პირველ გუნდში ოთხი ფეხბურთელი მყავს და ცხადია, მეც მინდა, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ. იტალიური ფეხბურთისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ “მილანი” კვლავაც წარმატებული იყოს. ახლა გუნდში გატუზო მოვიდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.
მედიაში ბევრი სიცრუე წავიკითხე. კონტრაქტის დეტალებზე საჯაროდ არავისთან მისაუბრია და ამას არც ახლა გავაკეთებ. კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან, მარკო ფასონესთან ურთიერთობა დავამყარე და თუ რამე პრობლემა გვექნება, სწორედ მას შევხვდები”, – ციტირებს რაიოლას სიტყვებს Gazzetta dello Sport.
შეგახსენებთ, რომ “ჰელას ვერონასთან” მატჩის მიმდინარეობისას “მილანის” ფანები დონარუმას უსტვენდნენ. “კურვა სუდმა” ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა: “ფსიქოლოგიური ძალადობა, 6 მილიონი წელიწადში და მუქთამჭამელი ძმის ტრანსფერი. ახლა წადი, მოთმინებასაც აქვს საზღვარი.”