“მანჩესტერ იუნაიტედი” მხითარიანის გაყიდვაზე ფიქრობს
“მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდის ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანის გაყიდვაზე ფიქრობს. “ბიბისი სპორტის” ცნობით, შესაძლოა, სომეხმა ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკები” ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე დატოვოს.
გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო 28 წლის ნახევარმცველს აღარ ენდობა და მასზე გათვლებს აღარ აკეთებს. ჰენრიხ მხითარიანმა “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში უკანასკნელად 25 ნოემბერს “ბრაიტონის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) ითამაშა და მაშინ შეხვედრის ბოლო ოცი წუთი ჩაატარა.
“თუ ფეხბურთელი ჩვენთან ბედნიერი არ არის და თხოვნით მოგვმართავს და თუ წინადადება კლუბისთვისაც მომგებიანი იქნება, მის გაშვებაზე უარს არ ვიტყვი. ასეთი მიდგომა მაქვს. თითოეულ ფეხბურთელს თავისი ფასი აქვს”, – ნათქვამი აქვს მოურინიოს.
შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2016 წელს დორტმუნდის “ბორუსიადან” გადავიდა. “წითელმა ეშმაკებმა” მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღეს.