გიორგი დიასამიძე “საბურთალოში” ჩაირიცხა
მომავალი წლიდან 25 წლის ფეხბურთელი გიორგი დიასამიძე “საბურთალოში” ითამაშებს. ამპლუით ნახევარმცველმა, რომელიც ბოლოს დედაქალაქურ “ლოკომოტივში” ასპარეზობდა, ჩვენს კლუბთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
“საბურთალოს” პრეს-სამსახურმა ახალწვეულს ინტერვიუ ჩამოართვა.
– მოხარული ვარ, რომ “საბურთალოში ჩავირიცხე. შთაბეჭდილებები დადებითია, უცხო გარემოში ნამდვილად არ მოხვედრილვარ, რამდგანაც ბევრ ფეხბურთელთან ვმეგობრობ. როცა შემოთავაზება მივიღე, დავფიქრდი, კარგად განვიხილე და საბოლოოდ არჩევანი გავაკეთე.
იოლი არ იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც “ლოკომოტივში 3 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ახლა კი განშორება მომიწია, მაგრამ ეს ფეხბურთია, ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ვისარგებლებ შემთხვევით და “ლოკომოტივს” მადლობას გადავუხდი გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.
– რა იყო პირველი, რაზეც აქცენტი “საბურთალოზე” გააკეთე?
– საქართველოში კლუბებს ძირითადი ბირთის შენარჩუნება უჭირთ, ხშირად ისე ხდება, რომ მწვრთნელებს ახალი გუნდის გაკეთება უწევთ-ხოლმე, “საბურთალოში” კი პირიქითაა – უფრო ძლიერდება. მჯერა, ახალ კლუბთან ერთად დიდ მიზნებს დავსახავთ, რომლის განხორციელებას უკვე ერთად ვეცდებით.
ამავდროულად, იმ ფეხბურთს, რასაც “საბურთალო” თამაშობს, ჩემს გემოვნებაში ჯდება. ბევრისგან მსმენია, რომ ერთ მუშტად არის შეკრული და კარგი ატმოსფერო სუფევს.
– რომელ პოზიციაზე უფრო გიზიდავთ თამაში?
– მნიშვნელობა არა აქვს, ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე ვთამაშობ. რამდენიმეჯერ თავდამსხმელადაც მითამაშია. მწვრთნელი სადაც გადაყვეტს, მზად ვარ მაქსიმალურად დავიხარჯო.
– “საბურთალო” “ზამთრის თასზე” იასპარეზებს. ითამაშებთ გუნდთან ერთად თუ ჯერ თქვენი პროგრამით ივარჯიშებთ?
– “ზამთრის თასს” გამოვტოვებ, რადგან 3 კვირა კიდევ მჭირდება სრული რეაბილიტაციისთვის. “დილასთან” ტრავმა მივიღე და მინდა სრულად მოვმჯობინდე. “საბურთალოს” პირველ შეკრებაზე წავყვები.
– თქვენი შეფასებით, როგორი სეზონი ჰქონდა “საბურთალოს”?
– ვიცი, რომ კლუბს რამდენიმე-წლიანი გეგმა აქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. კლუბს, წლეულს ჰქონდა შანსი, რომ ევროტურნირებზე მოხვედრილიყო, მაგრამ ცოტა დააკლდა. მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია. მინდა, რომ წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. იმედი მაქვს, დასახულ მიზნებს ერთად შევასრულებთ და გავახარებთ გულშემატკივრებს.
საბურთალოს პრესსამსახური