როგორ იმორჩილებს “მანჩესტერ სიტი” მსოფლიოს ურთულეს ჩემპიონატს
შაბათს, 23 დეკემბერს “მანჩესტერ სიტიმ” საშინაო არენაზე “ბორნმუთი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. “ქალაქელთა” მომდევნო გაჩერება კი რაფა ბენიტესის “ნიუკასლია”.
მართალია, მსგავსი შედეგები პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი გუნდების დამახასიათებელი მაჩვენებელია, მაგრამ დომინირების მსგავსი მაჩვენებელი ინგლისის ჩემპიონატში კარგა ხანია, რაც არ დაფიქსირებულა – ალბათ, 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.
ამ დროისთვის პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” შედეგები ფენომენალურია:
• “მანჩესტერ სიტის” ზედიზედ 17 მატჩი აქვს მოგებული პრემიერ ლიგაში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წლევანდელ სეზონამდე ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 14-მატჩიანი მოგებათა სერია საუკეთესო იყო (“არსენალმა” ეს შედეგი 2002 წლის თებერვლიდან აგვისტოს თვემდე არსებულ პერიოდში დააფიქსირა).
• “სიტი” პირველი გუნდია პრემიერ ლიგის ეპოქაში, რომელმაც ერთ კალენდარულ წელიწადში 100 გოლი გაიტანა. “ბორნმუთის” კარში გატანილი მესამე გოლით “ქალაქელებმა” კიდევ ერთი ფენომენალური რეკორდი დაამყარეს და ახლა მათ ანგარიშზე 2017 წელს გატანილი 101 გოლია. წინ კი კიდევ ორი მატჩი აქვთ – “ნიუკასლთან” და “კრისტალ პალასთან”. ინგლისური კლუბებიდან ბოლოს 100 ან 100-ზე მეტი გოლი ერთ კალენდარულ წელიწადში “ლივერპულმა” გაიტანა (106, 1982 წელს).
• 2017 წელს “მანჩესტერ სიტი” ერთხელაც არ დამარცხებულა სახლში – 21 მოგება და 5 ფრე.
• გვარდიოლამ ტოპ-6-ის ყველა კლუბი დაამარცხა. “ლივერპულთან”, “ჩელსისთან”, “არსენალთან”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ტოტენჰემთან” “სიტის” ბრწყინვალე შედეგი აქვს – 15:3 საერთო ჯამში.
• შობისთვის ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა ასეთი დიდი არასოდეს ყოფილა – 13 ქულა.
• დანარჩენ კლუბებს “ქალაქელები” აინუნშიც არ აგდებენ. “მანჩესტერ იუნაიტედი” (13 ქულა ჩამორჩენა) და “ჩელსი” (16) – ყველა დანარჩენი კლუბის ჩამორჩენა “სიტისთან” 20 ქულას აღემატება.
გასაკვირი არ არის, რომ ამჟამად “მანჩესტერ სიტის” მთავარი ორიენტირი “არსენალის” ლეგენდარული სეზონის გამეორებაა (2003/04 წლების სეზონი), როდესაც არსენ ვენგერის ბიჭებმა სეზონი წაგების გარეშე დაასრულეს.