გატუზო: “დერბიში ლამაზი ფეხბურთის ჩვენებას აზრი არ აქვს”
დღეს იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანური დერბი შედგება. მნიშვნელოვანი მატჩის წინ “მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო თავის ფეხბურთელებს შესაბამის განწყობას უქმნის.
“გამარჯვება გვინდა და ამ მატჩისთვის სათანადოდ ვემზადებით. არცერთი გუნდი არ არის სასურველ ფორმაში, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ საშინელ მდგომარეობაში ვართ. გადატვირთვის ღილაკს თითი უნდა დავაჭიროთ. მნიშვნელოვანია, რომ ტიფოზებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადოთ და მათ დადებითი იმპულსი გავუგზავნოთ.
დერბი ყოველთვის განსხვავდება ჩვეულებრივი მატჩისგან. ლამაზი თამაშის ჩვენებას აზრი არ აქვს. უფრო მნიშვნელოვანი მიზანდასახულობა, გამარჯვების წყურვილი და კლუბის მიმართ ვალდებულებაა. სრულად უნდა დავიხარჯოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოვიგებთ. ჩვენ ჩვენი ფანების გამო უნდა გავიმარჯვოთ”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.
მატჩი “მილანსა” და “ინტერს” შორის თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.