დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 იანვარი
“ინტერი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელებს გაცვლიან?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ინტერი” ფეხბურთელებს გაცვლიან.
დიდი შანსია, ჰენრიხ მხითარიანი, რომელსაც ბოლო დროს მანჩესტერში საქმეები კარგად არ მისდის, მილანურ კლუბში ვიხილოთ. მის სანაცვლოდ, “იუნაიტედი” ჟოაო მარიოს დაიმატებს.
არდა თურანი “ევერტონსა” და “მილანს” შეთავაზეს
Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიის “ბარსელონამ” “მილანსა” და “ევერტონს” არდა თურანი შესთავაზა. თურქი ფეხბურთელი “ნოუ კამპის” დატოვებასთან ახლოსაა.
ასევე, თურანის მიმართ ინტერესს “ბეშიქთაშიც” იჩენს.
“მანჩესტერ იუნაიტედს” ლუკას მოურას იჯარით დამატება სურს
“მანჩესტერ იუნაიტედი” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, ლუკას მოურას იჯარით დამატებას შეეცდება.
“სანის” ცნობით, პარიზელები იჯარაზე თანახმა არ არიან და ბრაზილიელი ფეხბურთელის სრულად გასხვისება სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ მოურაში 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითხოვს.
“ბარსელონას” ხელმძღვანელები კოუტინიოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა ფილიპე კოუტინიო ზამთარშივე გადაიბირონ.
Mirror-ის ცნობით, კატალონიელებმა “ლივერპულს” 130 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზეს.
დე ვრეი “ბარსელონასგან” ელის წინადადებას
“ლაციოს” ჰოლანდიელი მცველი, სტეფან დე ვრეი “ინტერის” წინადადებაზე პასუხის გაცემას არ ჩქარობს, ელოდება რა ნიშანს კატალონიის “ბარსელონასგან”.
როგორც იცით, ჰოლანდიელი ფეხბურთელი რომაულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს, სეზონის ბოლოს კი თავისუფალი აგენტი ხდება. გამომდინარე აქიდან, “ლაციოს” ინტერესებშიც შედის, რომ დე ვრეიმ ახალი კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას იპოვოს.
დღემდე მსოფლიოს წამყვანი გამოცემები დე ვრეის გადაბირების მთავარ ფავორიტად “ინტერს” მიიჩნევდნენ. თუმცა, Mundo Deportivo-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, საქმეში “ლურჯ-ბროწეულისფრებიც” არიან ჩართულები.