ტომას ვერმალენმა ოთხი გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა
კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ტომას ვერმალენმა ვეტერანი მოთამაშეები გამოარჩია. ბელგიელმა თითოეულ პოზიციაზე თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა.
მეკარე – მიშელ პრიუდომი
“დაახლოებით 9 წლის ვიყავი, როცა მის თამაშებს ვუყურებდი. მან ამერიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად იასპარეზა. ის ბელგიელი მეკარეა.”
მცველი – პაოლო მალდინი
“როცა ახალგაზრდა ვიყავი, ის მაშინაც თამაშობდა. მალდინის დიდი კარიერა ჰქონდა. შეეძლო მარცხენა და ცენტრალურ მცველად თამაში. ვფიქრობ, ის თავისი ქვეყნისა და კლუბისათვის ბრწყინვალე იყო.”
ნახევარმცველი – ანდრეა პირლო
“მან კარიერა ახლახანს დაასრულა. საბედნიეროდ, მისი ბევრი თამაში ვნახე. მისი ხედვა დაუჯერებელი იყო. ერთი პასით შეეძლო თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დაეტოვებინა.’
თავდამსხმელი – რომარიო
“მას იგივე მიზეზით გამოვარჩევ, რითაც მეკარე გამოვარჩიე. 1994 წელს, ამერიკაში ჩატარებულ მუნდიალზე ბრწყინვალედ ითამაშა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და კარგად მახსოვს მისი გატანილი გოლები.”