კონტემ მოურინიოს სიტყვებს უპასუხა: “ალბათ ეს ჭკუასუსტობის, დემენციის ბრალია”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პირდაპირ უპასუხა ჟოზე მოურინიოს განცხადებას და საჯაროდაც გაჰკრა კბილი პორტუგალიელ სპეციალისტს. იტალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიოს სიტყვები დემენციას, ჭკუასუსტობას დააბრალა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ასეთი განცხადება გააკეთა: “რადგანაც პირით ხაზზე კლოუნივით არ დავრბივარ, გგონიათ, ჩემი საქმის კეთების სურვილი დავკარგე?”
მართალია, ყველა მიხვდა, რომ ეს სიტყვები პირველ რიგში იურგენ კლოპსა და ანტონიო კონტეს ეხებოდა. მაგრამ ჟოზე მოურინიო ამ საქმეში გაწაფულია და სახელებს არასოდეს ახსენებს. ანტონიო კონტე კი ამ ანკესს ადვილად წამოეგო.
“ვფიქრობ, მას თავისი თავი ახსენდება წარსულში, ალბათ სწორედ ამას გულისხმობდა, არა? მგონი, ზოგჯერ ხალხს ავიწყდება რას ამბობდა წარსულში, ან რას აკეთებდა. თუ არ ვცდები, ამას დემენცია ჰქვია, სახელი ზუსტად არ ვიცი, როდესაც გავიწყდება რა იყო წარსულში,” – ვციტირებთ კონტეს სიტყვებს.
დემენცია ტვინის დაავადებაა, რომელიც აზროვნების ხანგრძლივ და ხშირ შემთხვევაში სამუდამო დაქვეითებას იწვევს.
ამ ინტერვიუს შემდეგ, კონტეს თარჯიმანმა აღნიშნა, რომ მას ამნეზიას თქმა უნდოდა, დემენციას ნაცვლად.