კლოპის პირველი კომენტარი კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ
კატალონიის “ბარსელონამ” და “ლივერპულმა” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამაზე კომენტარი იურგენ კლოპმა გააკეთა, რომელიც “წითლების” სატრანსფერო პოლიტიკას განაგებს.
“ჩვენ, როგორც კლუბი ვემშვიდობებით დიდებულ პიროვნებას, ფანტასტიკურ ფეხბურთელსა და კარგ მეგობარს ფილიპე კოუტინიოს სახით.
საიდუმლო არავისთვის იყო ის ფაქტი, რომ ზაფხულიდან, როდესაც კოუტინიოს პირველად დაუკავშირდნენ “ბარსელონას” ხელმძღვანელები, მას წასვლა უნდოდა. ვცდილობდით, მისთვის აზრის შეცვლას, მაგრამ ის დაჟინებით იმეორებდა ჩემთან, ხელმძღვანელებთან და თანაგუნდელებთანაც, რომ წასვლა უნდოდა.
მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ზაფხულის რთული პერიოდის გავლა და იმედი გვქონდა, რომ კოუტინიო კიდევ დიდ ხანს დარჩებოდა “ენფილდზე” და ჩვენი პროექტის ნაწილი გახდებოდა.
მინდა, “ლივერპულის” გულშემატკივრებს გითხრათ, რომ კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის გუნდში დარჩენილიყო. თუმცა, კოუტინიო საკუთარ მომავალში დარწმუნებულია და თვლის, რომ ის და მისი ოჯახი ბარსელონაში უფრო ბედნიერები იქნებიან.
ეს მისი ოცნება იყო, ჩვენ სხვა ვერაფერს გავაკეთებთ, რომ აზრი შევაცვლევინოთ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.