რიბერი: “2013 წელს ოქროს ბურთი მომპარეს”
მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა, ფრენკ რიბერიმ განაცხადა, რომ 2013 წელს ოქროს ბურთის მოგებას ის იმსახურებდა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს საუკეთესოდ კრიშტიანო რონალდუ დასახელდა, მეორე ადგილი ლიონელ მესიმ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ფრენკ რიბერი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა 2013 წელს “ბაიერნთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
“ოქროს ბურთი მომპარეს. გაუგებარია… ყველა ტიტული მოვიგე, მეტს ვერაფერს გავაკეთებდი. ეს უსამართლობა იყო.
მაშინ ჩემი ქვეყნის გვერდში დგომა ვერ ვიგრძენი. ვხედავდი, რომ ფრანგები მხარს კრიშტიანო რონალდუს უჭერდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ საუკეთესოდ სწორედ ის უნდა დასახელებულიყო. თქვენი აზრით, პორტუგალიელებს ენდომებოდათ, რომ ოქროს ბურთი მე ან მესის მოგვეგო? რა თქმა უნდა, არა”, – ციტირებს რიბერის სიტყვებს Goal.Com.