“ლაციომ” “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ყოფილი მცველი დაიმატა
“ლაციოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ვერონასა” და ურუგვაის ნაკრების მცველი, მარტინ კასერესი მომავალი ერთი წლის განმავლობაში რომაული კლუბის ღირსებას დაიცავს. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მომავალში შესაძლებელი იქნება კონტრაქტის გახანგრძლივებაც.
ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია დაცვაში ითამაშოს, მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უმეტესწილად მარჯვენა მცველის როლში გვევლინებოდა.
30 წლის ფეხბურთელს “დეფენსორში”, “ვილიარეალში”, “რეკრეატივოში”, “ბარსელონაში”, “იუვენტუსში”, “სევილიასა” და “საუთჰემტპონის” რიგებში თამაშის გამოცდილება აქვს.
ურუგვაის ნაკრებში კასერესს 75 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ პერიოდში 4 გოლის გატანაც შეძლო.