რეალური მიზეზი, რის გამოც ზიდანმა კეპა არისაბალაგას ტრანსფერი დაბლოკა
გასულ პარასკევს მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტთან და გენერალურ დირექტორთან გამართა შეხვედრა. ფრანგმა სპეციალისტმა სწორედ ამ დროს გაიგო, რომ ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარესთან, კეპა არისაბალაგასთან შეთანხმება უკვე მიღწეული იყო. თუმცა, ყველასათვის გასაკვირად, ზიდანმა ეს ტრანსფერი დაბლოკა.
ვიგოს “სელტასთან” გამართული მატჩის წინ ზიდანმა განაცხადა – “არ მჭირდება სხვა მეკარე”. ესპანური გამოცემის, Diario Sport-ის აზრით, ამის მიზეზი ლუკა ზიდანია, რომელიც ამ დროისთვის “რეალის” მესამე მეკარეა. არისაბალაგას ტრანსფერი კი, ბუნებრივია, 19 წლის ფეხბურთელის განვითარებას შეაფერხებდა.
ვრცელდება ხმები, რომ ერთგვარი “ნეპოტიზმის” გამო ზიდანს “რეალშიც” ადანაშაულებენ. ლუკას დაცვასთან ერთად, რომელიც არაერთი სერიოზული შეცდომით არის ცნობილი სოციალურ მედიაში, აღსანიშნავია ენცო ზიდანის გამორჩევაც მამამისის მხრიდან – ეს უკანასკნელი იმაზე მეტ სათამაშო დროს იღებდა, ვიდრე საჭირო იყო. ეს კი მისმა “ალავესში” გადასვლამაც დაადასტურა, სადაც ის სათადარიგო მოთამაშედ იქცა, შემდეგ კი შვეიცარიულ “ლოზანაში” გადაბარგდა.