“ევერტონი” უოლკოტის ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებს
ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა თეო უოლკოტმა კარიერა შესაძლოა, ლივერპულის “ევერტონში” გააგრძელოს. მერსისაიდელები მზად არიან, 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 22,4 მილიონი ევრო გაიღო და ხელფასად იმდენივე დაუნიშნონ, რამდენიც დღესდღეობით “არსენალში” აქვს. მხარეებს შორის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება რომ მიმდინარეობს, ეს თავად “ევერტონის მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა დაადასტურა.
“თუ ეს ტრანსფერი გამოგვივა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. საუბარია სრულფასოვან ტრანსფერზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მოლაპარაკება გრძელდება. უოლკოტი “ევერტონისთვის” მშვენიერი შენაძენი იქნებოდა”, – ციტირებს ელერდაისის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
თეო უოლკოტს “არსენალში” არარეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს და შიშობს, რომ ამის გამო შესაძლოა, ინგლისის ნაკრების შემადგელობაშიც დათმოს პოზიციები.
ცნობისათვის, “არსენალსა” და უოლკოტს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის 30 ივნისამდე აქვს.