რონალდუმ თანაგუნდელებს აცნობა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს
ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ რამდენიმე თანაგუნდელს უთხრა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს. გამოცემის თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი კარიერას, სავარაუდოდ, “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ის “წითელი ეშმაკების” ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა. ინგლისურ კლუბში რონალდუს განზრახვის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობენ.
კრიშტიანუ რონალდუ “რეალის” ხელმძღვანელობისგან თავს მოტყუებულად გრძნობს. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გაზაფხულზე ფეხბურთელს გაუმჯობესებულ კონტრაქტს დაჰპირდა, თუმცა დაპირება დაპირებადვე დარჩა. 32 წლის ფეხბურთელს არ მოსწონს, რომ წელიწადში ჯამაგირის სახით 21 მილიონი ევრო ეძლევა. რონალდუს დღესდღეობით ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის მეხუთე ადგილი უკავია და აღნიშნულ სიაში უკეთესი პოზიციის დაკავება სურს.