“საბურთალო”: ნიკოლოზ ღლონტმა კლუბში დაბრუნების შემდეგ კომენტარი გააკეთა
ნიკოლოზ ღლონტი, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია, ბოლო 6 თვის განმავლობაში იჯარით ქობულეთის “შუქურას” ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა, თუმცა კვლავ “საბურთალოს” დაუბრუნდა და ახლა რევაზ გოცირიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.
ღლონტთან ინტერვიუ “საბურთალოს” ოფციალურმა გვერდმა ჩაწერა.
– რამდენიმე თვის განმავლობაში “შუქურას” პირველ გუნდში ვვარჯიშობდი, მაგრამ ოფიციალურ მატჩებს 19 წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი. 17 წლის ფეხბურთელისთვის დიდი პატივია ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების მხარდამხარ ვარჯიში, როგორებიც არიან – ირაკლი კლიმიაშვილი, სანდრო გურული, გიორგი სომხიშვილი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რაც იმედი მაქვს მომავალში წამადგება. ისე მოხდა, რომ რამდენიმეჯერ “შუქურას” პირველი გუნდის განაცხადშიც მოვხდი. მოხარული ვარ, რომ ეროვნულ ლიგაში ჩემი დებიუტიც შედგა.
– როგორ გაიხსენებთ პირველ მატჩს ეროვნულ ლიგაში?
– “სამტრედიასთან” ცვლილებაზე მომიწია შესვლა, სულ 20 წუთი ვითამაშე. ვნერვიულობდი, პირველი შეხვედრა იყო და მინდოდა ნორმალური შთაბეჭდილება დამეტოვა. ფეხბურთელები გვერდში დამიდგნენ და მამხნევებდნენ.
– საბურთალოელ მეგობრებთან თუ გქონდათ კონტაქტი?
– ნოსტალგიას ვგრძნობდი, ფეხბურთელები და მწვრთნელები მენატრებოდნენ. შეიძლება ითქვას, აქ ავიდგი ფეხი, ბავშვობა “საბურთალოში” მაქვს გატარებული. რა თქმა უნდა, ერთმანეთში ვსაუბრობდით, მაგრამ როდესაც ახლოს ნახავ შენს მეგობარს, სულ სხვა განცდა და ემოციებია. ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი. ვიტყვი, რომ სახლში დავბრუნდი. იმედი მაქვს, რომ თამაშის საშუალება მომეცემა და “საბურთალოსთან” ერთად მნიშვნელოვან გამარჯვებებს ვიზეიმებ. ვეცდები მწვრთნელებს ნდობა გავუმართლო.
– “საბურთალო”-2 წლეულს ერთით ზედა ლიგაში იასპარეზებს. როგორც ფიქრობთ, რისი მიღწევა შეუძლია გუნდს?
– “საბურთალო”-2 ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ჩვენს გუნდში ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს. გასულ წელსაც აჩვენა გუნდმა, რომ სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ვფიქრობ, წელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.