წყალტუბოში “სამგურალის” სტადიონის რეაბილიტაცია იწყება
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, ფეხბურთის ფედერაციისა და ქვეყნის ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით რეგიონებში არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება. ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობით მალე წყალტუბოს ,,სამგურალის“ სტადიონის პრობლემაც გადაიჭრება. საქმე იმაშია, რომ ეროვნულ ლია 2-ის ბინადარი ,,სამგურალი“ საშინაო მატჩებს მარტვილში ,,მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე ატარებს. წყალტუბოში ხელოვნურსაფარიანი მოედანი არსებობს, რომელზეც ძირითადი და ასაკობრივი გუნდები ვარჯიშობენ, მაგრამ ტრიბუნების, VIP და პრეს ლოჟების არარსებობის გამო ლიგა 2-ის მატჩების ჩატარება იქ დაშვებული არ არის. გასულ წელს ხელოვნურსაფარიან მოედანზე ტრიბუნების მოწყობა იგეგმებოდა, მაგრამ მიზეზთა გამო აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა..
.
სანაცვლოდ, ახლა წყალტუბოში უფრო დიდი მასშტაბის პროექტის განხორციელება იწყება. საუბარია ძველი ( 26 მაისის სახელობის) ბუნებრივსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაციაზე, სადაც პირველ ეტაპზე დაიგება ახალი, მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, გაკეთდება 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები, შემოიღობება და გალამაზდება სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, სტადიონის სრული რეაბილიტაცია კი ამის შემდეგაც გაგრძელდება.
გასული წლის ნოემბერში წყალტუბოში ერთმანეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსი მამუკა კვარაცხელია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შეხვდნენ და 26 მაისის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
ფედერაციამ საკუთარ თავზე მოედნის დაგება აიღო, ადგილობრივმა თვითმართველობამ კი ტრიბუნების მოწყობის, სტადიონის შემოღობვისა და სხვა ინფასტრუქრურული ხარჯები.
სტადიონის რეაბილიტაციისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დღეს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ტექნიკური ჯგუფი ეწვია. ფედერაციის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი რევაზიშვილმა, მთავარმა აგრონომმა ალექსანდრე თორიამ და ინჟინერ ექსპერტმა გოგა დადივაძემ მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეამოწმეს მოედნის საფუძველი, სადრენაჟო სისტემა და სხვა კომუნიკაციები.
როდის დაიწყება ძირითადი სამუშაოები ამის თაობაზე სფფ-ს ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი გიორგი რევაზიშვილი გვესაუბრა:
,,ჩამოვედით, რომ, დეტალურად შევისწავლოთ სტადიონზე არსებული ვითარება, სადაც სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ჩვენს მიერ ჩასატარებელი სამუშაოები საფეხბურთო მინდვრის საფუძველის მოწყობას, სადრენაჟე არხების გაყვანას, სარწყავი სისტემის გაკეთებას და მინდვრის საფარის დაგებას ითვალისწინებს.
დაიგება 7 კომპონენტიანი მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, რომელიც ადაპტირებული იქნება გარემო პირობებთან. სარემონტო სამუშაოებს შიდა ტენდერის საფუძველზე ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.
სავარაუდოდ როდის დაიწყება მინდვრის საფარის დაგება?
-დიდწილად ამინდებზე ვართ დამოკიდებული. ყინვა არ უნდა იყოს. დანარჩენ კლიმატურ პირობებში შეიძლება მუშაობა. სავარაუდოდ თებერვალში დაიწყება საფუძვლის მოწყობის სამუშაოები. დაახლოებით მარტში მინდვრის საფარის დაგებას დავიწყებთ. ამ ყველაფერს, უხეშად რომ ვთქვათ, სამი თვე დასჭირდება, სამი თვის შემდეგ კიდევ ერთი ეტაპი იქნება გასავლელი, რომელსაც ჩვენ ,,შეხორცების პერიოდს“ ვეძახით, უნდა შეხორცდეს დაგებული მინდორი, ამ პროცესს დაახლოებით ორი ან ორთვენახევარი დასჭირდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, წლეულს ზაფხულში უკვე შესაძლებელი იქნება ამ მინდორზე თამაშის ჩატარება“.
რაც შეეხება ტრიბუნების დამონტაჟებას და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ,,სამგურალის“ გენერალური დირექტორის ამირან ვარდანიძის თქმით საპროექტო ხარჯთაღრიცხვის პროექტზე 22 იანვარს, დაჩქარებული წესით ჩატარდება მეორე ტენდერი, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია, წარმოადგენს სტადიონის სრული რეაბილიტაციის პროექტს, რაც რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს.
პირველ ეტაპზე გაკეთდება ის მინიმუმი, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ ,,სამგურალს“ საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მიეცეს. კერძოდ, მოეწყობა 500 კაციანი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები და შემოიღობება სტადიონის ტერიტორია. შემდეგ კი სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა ეტაპობრივად გაგრძელდება. აღდგება ცენტრალური შენობა, გაკეთდება სარბენი ბილიკები, ტრიბუნები კი საბოლოო ჯამში 3500 კაცზე იქნება გათვლილი.
ამირან ვარდანიძე: ,,მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მათ მიერ მოცემული სიტყვა, მალევე საქმედ იქცა და სტადიონის რეაბილიტაციაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო წყალტუბოს მერს გრიგოლ იოსელიანს და მაჟორიტარ დეპუტატს ცოტნე ზურაბიანს. მათი ერთობლივი ძალისხმევით სულ მალე ჩვენს გუნდს სტადიონის პრობლემა აღარ ექნება. დღეს ფედერაციიდან გვეწვივნენ სპეციალისტები, რომლებმაც შეამოწმეს მოედანი და სადრენაჟო სისტემა. უახლოეს დღეებში სტადიონზე სამუშაოები დაიწყება და დიდი ალბათობით ,,სამგურალი“ ჩემპიონატის მე-3 წრიდან საშინაო მატჩებს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.“