არსენ ვენგერი: “მხითარიანი სრულყოფილი ფეხბურთელია”
ჰენრიხ მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ლონდონის “არსენალში” გადავიდა, ხოლო ალექსის სანჩესმა “ემირეითსი” დატოვა და “წითელი ეშმაკების” რიგებში გადაბარგდა. “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა სომეხი ნახევარმცველი ტრანსფერის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელი ძალიან კარგ ფეხბურთელში გავცვალეთ, მსოფლიო დონის მოთამაშე ამავე დონის მოთამაშით ჩავანაცვლეთ.
მხითარიანს როგორც განზე, ასევე შუაგულში შეუძლია თამაში. მჯერა, ის ბევრ პოზიციაზე წამოაჩენს თავს კარგად. მას მესუთ იოზილთან ერთად პლეიმეიქერად თამაში შეუძლია, რაც გუნდს წაადგება.
მხითარიანი სრულყოფილი ფეხბურთელია. ის ქმნის მომენტებს, დაცვაშიც კარგად თამაშობს, ფარავს დისტანციებს და არის ერთგული. მას ყველა საჭირო მახასიათებელი აქვს. ალბათ, გოლების გატანაში ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ ამის დახვეწაც შეიძლება. თუ გადახედავთ კარიერის განმავლობაში მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობას, ნახავთ, რომ ეს საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია”, – ვენგერის კომენტარი “არსენალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.