“ჩელსიმ” “არსენალთან” ოლივიე ჟირუს ტრანსფერი შეათანხმა
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა თანაქალაქურ “არსენალთან” ოლივიე ჟირუს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ამ ინფორმაციას Telegraph და Guardian ადასტურებს.
ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით, “არისტოკრატებს” ფრანგი შემტევის ტრანსფერი სულ რაღაც 18 მილიონი ფუნტი დაუჯდა და 31 წლის ჟირუმ უკვე შეათანხმა ტრანსფერის ყოველი დეტალი კლუბთან.
გეტყვით იმასაც, რომ ჟირუს გაფორმებისთანავე, “ჩელსი” მიში ბატშუაის დორტმუნდის “ბორუსიაში” გაუშვებს. გერმანული კლუბი კი თავის მხრივ, პიერ-ემერიკ ობამეიანგს მიჰყიდის “არსენალს”.
მიმდინარე სეზონში ჟირუმ 24 მატჩი ჩაატარა “არსენალის” რიგებში (10 მათგანი სასტარტოდან დაიწყო) და შვიდი გოლი გაიტანა.