ტიერი ანრი ოლივიე ჟირუს ტრანსფერს გამოეხმაურა
ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, ტიერი ანრი თავისი თანამემამულის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერს გამოეხმაურა. როგორც იცით, ჟირუ “ემირეიტსზე” გატარებული 6 წლის შემდეგ “ჩელსისთვის” გაიტანს გოლებს.
“ძალიან უცნაური იქნება მისი ლურჯ ფორმაში ხილვა, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრების მაისურს თუ არ გავითვალისწინებთ. მე მას მუდამ თეთრ-წითელ მაისურში წარმოვიდგენდი.
ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ამაში, ბუნებრივია, ჟირუს ვერ დავადანაშაულებთ, ეს უფრო მოტივაციისა და სათამაშო დროის დაკარგვის ბრალია.
მჯერა, რომ ჟირუ კარიერის “ჩელსიში” გაგრძელებაზე არ ფიქრობდა. უბრალოდ, ახლა მისთვის მთავარი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, რისთვისაც მას სათამაშო დრო სჭირდება. იმედია, ფანები მასზე ცუდს არ იტყვიან, რადგანაც ის ამას არ იმსახურებს,” – აცხადებს ანრი.