ვალვერდე: “პიკეს აღნიშვნაში დასაძრახი არაფერია”
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” დერბიში “ესპანიოლს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.
საგულისხმოა, რომ 82-ე წუთზე ანგარიში ხერარდ პიკემ გაათანაბრა და მან მეტოქის სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას გაჩუმებისკენ მოუწოდა. ამ ჟესტზე და ზოგადად მატჩზე, შეხვედრის შემდეგ “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.
“ვიცით, რა მნიშნელობა აქვს ასეთ შეხვედრებს. იმასაც ზუსტად ვაცნობიერებდით, როგორი რთული მატჩი გველოდა წინ. პირველ ნახევარში ბევრი შეცდომა დავუშვით. თუმცა, მეორე ტაიმში უფრო გავხურდით, გამოვიღვიძეთ და საქმეც გამოვასწორეთ. ნებისმიერი ორთაბრძოლა მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი შეჯახება, რადგან ეს დერბია და აქ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.”
“პიკეს აღნიშვნა? ეს ზუსტად რომ ასეთი მეტოქეების წინაშე ხდება. მან პრინციპულ მოწინააღმდეგეს გაუტანა და ასე გამოხატა. ამაში დასაძრახი არაფერია,” – ამბობს ვალვერდე.