“დინამომ” ტულის “არსენალი” დაამარცხა (ვიდეო)
“დინამო თბილისმა” პირველი თურქული შეკრების ბოლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის მერვეადგილოსან ტულის “არსენალთან” ჩაატარა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 1:0 იმარჯვა. მატჩი თბილისელეთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მეექვსე წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შეიქმნა. ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა კარგად, ძლიერადაც დაარტყმა, მაგრამ მეკარემ ბოლო წამს ივარგა. დასწრებაზე ბაქარ ქარდავა ურტყამდა, თუმცა არაზუსტად. ტაიმის შუაში ზივზივაძე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, ზუსტი პასიც გააკეთა, ლევან ხარაბაძეს კი არსენალის მცველმა წამის მეასედში დაასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მომდევნო შეტევაში დედაქალაქელებს კიდევ ერთხელ მართებდათ გოლის გატანა. ჩამოწოდებულ ბურთზე დავით კობოურმა მაღალ ნახტომში ითამაშა, მისი თავური სანტიმეტრებში აცდა “მეთოფეთა” კარს. საბოლოოდ, პირველმა ტაიმმა “დინამოს” უპირატესობით ჩაიარა. გოლის გატანა თბილისელებმა მეორე ნახევარში მოახერხეს. 63-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის პასით ოთარ კიტეიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. თამაშის ბოლოსკენ “არსენალის” ფეხბურთელებს ჰქონდათ ორი სახიფათო მომენტი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
“დინამომ” დაასრულა პირველი შეკრება. ფეხბურთელები თბილისში ოთხშაბათს დაბრუნდებიან, ხოლო 11 თებერვლიდან ისევ თურქეთს ესტუმრებიან მეორე შეკრების გასავლელად.
ამხანაგური მატჩი:
“დინამო” (თბილისი) — “არსენალი” (ტულა) 1:0 (0:0)
დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ლუცევიჩი, ქარდავა (კუცია 46), ივანისენია, ივანიშვილი, კიტეიშვილი (ნინუა 88), ხარაბაძე (ერგემლიძე 90), ზივზივაძე
არსენალი: ლევაშოვი (ბერეზინი 46), დენისოვი (ბელიაევი 67), ხაგუში (კომბაროვი 46), ნოვოსელცევი, ალექსანდროვი (ალვარესი 67), ივაკინი, ბურანოვი (ჩაუშიჩი 67), აჯოევი (კანგვა 46), ტკაჩოვი (გორბატენკო 61), ძიუბა, მაქსიმოვი (ჯორჯევიჩი 67)
გოლი: 1:0 კიტეიშვილი 63’.