საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი ჯგუფი პიონჩანგშია
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი ჯგუფი დღეს, ადგილობრივი დროით 17 საათზე ჩაფრინდა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ელგუჯა ბერიშვილთან, გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილთან და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანთან ერთად იმგზავრეს სამთო მოთხილამურეებმა – ნინო წიკლაურმა და იასონ აბრამაშვილმა, მათმა მწვრთნელებმა – ფრანჩესკო ზანკოლომ და ვალტერ ჰუბმანმა, აგრეთვე გაზეთ „ლელოს“ საპატიო რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ.
ჩვენს ოლიმპიელებს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიურ სოფელში მამუკა ხაბარელი, მისი მოადგილე რუსუდან აფციაური, საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში ოთარ ბერძენიშვილი და მრჩეველი დავით ჩიკვაიძე.
სააკრედიტაციო პროცედურის გავლის შემდეგ, ოლიმპიელები მწვრთნელებთან ერთად გაემგზავრნენ პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში, დელეგაციის დანარჩენი წევრები კი – მათთვის განკუთვნილ სასტუმროებში დაბინავდნენ.
დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში ჩავიდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოკლედ, ოფიციალური დელეგაციის წევრები, გარდა მოციგურავე მორის ყვითელაშვილისა და მისი მწვრთნელისა, აგრეთვე სათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ კოსტავასი, უკვე კორეაში არიან. 9 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალზე, ჩვენი დელეგაციის მედროშე სწორედ მორის ყვითელაშვილი იქნება, რომელმაც ქართველთაგან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია. რაც შეეხება მოციგავე გიორგი სოღოიანს, ის რამდენიმე დღეა პიონჩანგში იმყოფება, ვარჯიშობს და ოლიმპიური სტარტისთვის ემზადება. ჩვენი სპორტსმენებიდან ოლიმპიურ სარბიელზე პირველი სწორედ სოღოიანი გავა და ეს მოხდება11 თებერვალს.
ხვალ, 8 თებერვალს, ადგილობრივი დროით 11 საათზე პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში გაიმართბა საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია.
სეოკ-ის პრესსამსახური