”ზესტაფონმა” სფფ-ს აღმასკომს წერილით მიმართა
მიმდინარე წლის 7 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს. თავის მხრივ, ჩვენი კლუბის ინტერნეტ-გვერდი ამ წერილის ტექსტს უვლელად გთავაზობთ.
“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 22 იანვარს საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ მიმართა სფფ-ს საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში ჩვენი კლუბის წარმომადგენელი გუნდის დაშვების შესახებ განცხადებით.
საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“უკვე განაცხადა თანხმობა 2018 წლის სეზონში U15 და U17 გუნდების ასაკობრივ ტურნირებში მონაწილეობაზე. ამასთან, თქვენი მხრიდან მოხდა შემოთავაზება U19 გუნდის ასაკობრივ ტურნირში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რეგიონალურ ლიგაში მონაწილე 40 გუნდიდან ერთ-ერთმა, კერძოდ თბილისის “ლოკომოტივი-2”-მა უარი განაცხადა რეგიონალურ ლიგის 2018 წლის გათამაშებაში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც ლიგაში გაჩნდა ერთი ვაკანტური ადგილი.
ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ჩემპიონატში რეინტეგრაცია მოხდეს უმტკივნეულოდ და მაქსიმალურად სწრაფად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 18-20 წლის მოზარდებით დაკომპლექტებულმა ჩვენმა გუნდმა სწორედ ამ საფეხურიდან გადადგას პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები.
როგორც იცით, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ გახლავთ საქართველოს 2-გზის ჩემპიონი, ერთხელ ეროვნული თასისა და 2-ჯერ სუპერთასის მფლობელი. ჩვენი კლუბი ფლობს გამართულ ინფრასტრუქტურას: 2 საწვრთნელი ბაზა (ზესტაფონსა და თბილისში) და უეფას მეორე კატეგორიის მქონე სტადიონი ზესტაფონში. შესაბამისად, კლუბი აკმაყოფილებს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებისა და ჩვენი კლუბის 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდის შემდგომი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად, აგრეთვე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში რეინტეგრაციისათვის, გთხოვთ გამონაკლისის სახით დაუშვათ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ რეგიონალური ლიგის 2018 წლის გათამაშებაში საასპარეზოდ.
ჩვენი მხრივ, მოგახსენებთ, რომ რეგიონალურ ლიგაში დაშვების შემთხვევაში, ფონდის დაფინანსების გარდა, კლუბში მოზიდული იქნება დამატებითი ფინანსური სახსრები, რის შესახებ შეთანხმებაც სადღეისოდ უკვე მიღწეულია ინვესტორებთან”.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური