ლევან ცაგურია თამარ ივერის განცხადებას გამოეხმაურა
ვეტერანი ქართველი სუმოისტი, ლევან ცაგურია თამარ ივერის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ქართველი ოპერის მომღერალის თქმით, ცაგურიას, იგივე კოკაის საქართველოს სუმოს ფედერაციაში მუშაობის საშუალება არ ეძლევა.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც 9 თებერვალს ლევან ცაგურიამ გამოაქვეყნა:
“მოგესალმებით ყველას. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობდი ჩემი სპორტული კარიერის მანძილზე.
რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა. ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება უნიჭიერესი მომღერლისა და უბრალოდ თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანის, თამარ ივერის პოსტი, სადაც მან თავისი აზრი დააფიქსირა სუმოს ფედერაციასთან დაკავშირებით.
შეუძლებელია გულგრილი ვიყო იმ საკითხების მიმართ, რაც სუმოსა და ზოგადად სუმოს ფედერაციას ეხება. ნამდვილად ვიყავი დაინტერესებული და მქონდა სურვილი მეტად განმევითარებინა ფედერაციაც და სპორტის ეს სახეობაც საქართველოში…
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სიამოვნებით დავხარჯავ ჩემს ენერგიას, რესურსსა და გამოცდილებას სუმოს, ამ დიდი ტრადიციების მატარებელი სპორტის, აღორძინებისა და პოპულარიზაციისთვის ჩვენს ქვეყანაში, თუკი ამის საშუალებ მომეცემა.
მინდა ასევე გამოვეხმაურო ერთ-ერთ კომენტარს სადაც დაიწერა, რომ თითქოსდა მე სუმოს ფედერაცია დამეხმარა იაპონიაში წასვლაში… ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს! მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ იაპონიაში მივაღწიე ისეთ შედეგებს, რამაც ჩვენი ქვეყანა ასახელა და ჩემმა მოღვაწეობამ სუმოში საქართველო მილიონობით იაპონელს გააცნო. ღიად მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც მე მაშინ ამ ყველაფერში გვერდით დამიდგა, არის ლევან ებანოიძე (პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი სუმოში მოყვარულებს შორის)!
პატივისცემით ლევან ცაგურია”