წყალტუბოს “სამგურალი” ყაზახურ “ყიზილ-ჯართან” დამარცხდა
დღეს წყალტუბოს ,,სამგურალმა” თურქეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გია გიგატაძის გუნდის მეტოქე ყაზახური ,,ყიზილ-ჯარი” იყო, რომელმაც წინა სეზონში პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ,,ყიზილ-ჯარს” 7 ლეგიონერი ჰყავს. მათ შორის ორი ქართველი შოთა გრიგალაშვილი და გოგიტა გოგუა. გრიგალაშვილი დღეს ,,სამგურალთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი იასპარეზა. გოგუამ კი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ყაზახები მე–7 წუთზე ,სტანდარტულის შემდეგ სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობა წყალტუბოელთა მხარეს გადავიდა. გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა ნიკა შალამბერიძეს, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია. ,,სამგურალი” ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და სახიფათოდაც უტევდა, მაგრამ გოლი კვლავ საკუთარ კარში მიიღო… ,,აქილევსის ქუსლი” კვლავ სტანდარტული მდგომარეობა გამოდგა, ტანმაღალმა ყაზახებმა 39–ე წუთზე ჯარიმის შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში 2:0 გახადეს.
მეორე ტაიმში ,,სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ ცვლილებებს მიმართა. წყალტუბოელები უფრო სწრაფად ათამაშდნენ და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. ნიკა შალამბერიძის სახიფათო დარტყმა მიზანს ასცდა, ლუკა ჯანელიძემ კი მეკარის შეცდომის შემდეგ ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ,,სამგურალი” პირველ საერთაშორისო სპარინგ მატჩში 0:2 დამარცხდა.
სამგურალი: ნუცუბიძე, კაკუშაძე (ბანძელაძე), ნერგაძე, კილაძე, ხელაძე (ენდელაძე), შალამბერიძე (მანაგაძე), გოგიჩაიშვილი (ჯანელიძე), გოგუაძე (ზ.ფანცხავა), ბრეგვაძე (ლაღაძე), საღრიშვილი (ხარაბაძე), ღონღაძე (ჩხეტიანი)
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ,,სამგურალი” 14 თებერვალს ლვოვის ,,კარპატთან” გამართავს.