კონტე: “ხელმძღვანელების დარწმუნება ტრანსფერების საჭიროებაში არ გამომდის”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კლუბი მის სურვილებს არ იზიარებს. იტალიელმა სპეციალისტმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა, რითიც “ხელმომჭირნე” რომან აბრამოვიჩს გაჰკრა კბილი.
როდესაც კონტეს ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა რომელიმე სპეციალისტი არსებული რესურსის უკეთ გამოყენებას, მან განაცხადა:”არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ. როგორც წესი, ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ვიღებ. მე მწვრთნელების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც 6-ქულიან ფეხბურთელი 8-მდე აჰყავს, ხოლო რვაქულიანი ათქულიანამდე.
ჩემი მოვალეობა თითოეული მათგანის გაძლიერებაა, ყოველ ასპექტში – მათ შორის მენტალიტეტის მხრივაც. მე მათ ბრძოლის სურვილი უნდა ჩავუნერგო. ჩემი საქმე ესაა და ამას ძალიან კარგად ვაკეთებ. თუმცა ხელმძღვანელების დარწმუნება, რომ ტრანსფერები გვჭირდება, არ გამომდის.
ამ ასპექტში გასაუმჯობესებელი ბევრი მაქვს. სხვა მწვრთნელებისგან უნდა ვისწავლო, მათთან უფრო მეტი უნდა ვისაუბრო. უნდა მივბაძო იმ მწვრთნელებს, რომლებიც კლუბს ბევრს ახარჯვინებენ უმაღლესი დონის ფეხბურთელების ტრანსფერებში. ალბათ, ერთ-ერთი გზა ფეხბურთელების გაძლიერების შეწყვეტაა… დიახ, ეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ,” – აცხადებს კონტე.