“ზესტაფონი” რეგიონულ ლიგაში ითამაშებს!
საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ამიერიდან რეგიონულ ლიგაში ითამაშებს. იმერულმა კლუბმა 8 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში კლუბის წარმომადგენელი გუნდის დაშვების შესახებ წერილით მიმართა. სფფ-ში დღეს აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს.
“14 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
აღმასკომის წევრებმა 2018 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება დაამტკიცეს. ასევე კენჭი უყარეს კლუბების ლიცენზირების დებულებაში შესატან ცვლილებებს.
რაც შეეხება სკ „ზესტაფონის“ წერილს საქართველოს რეგიონულ ლიგაში გამონაკლისის სახით დაშვების თაობაზე, აღმასკომმა საკითხს მხარი დაუჭირა და ამგვარად, 2018 წლიდან „ზესტაფონი“ ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდება”, – ვკითხულობთ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.