“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებმა “რეალის” დასამარცხებლად საგანგებო შეკრება გამართეს
“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებმა გუნდში საბრძოლო სულის ასამაღლებლად საგანგებო შეხვედრა გამართეს. შეკრების ინიციატორები ტიაგუ მოტა, დანიელ ალვესი და მარკინიოსი იყვნენ, რომლებმაც თანაგუნდელებთან ერთად “ერთიანობისა და სოლიდარობის” პაქტი გააფორმეს. პარიზული გუნდის ფეხბურთელებმა სიტყვა დათქვეს, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან ზედიზედ მეორედ დამამცირებლად გამოვარდნას არ დაუშვებენ.
როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში “პარი სენ-ჟერმენმა”, მიუხედავად იმისა, რომ შინ მატჩი 4:0 ჰქონდა მოგებული, გასვლაზე “ბარსელონასთან” შეხვედრა 1:6 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.
პარიზულ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ “რეალის” ბარიერის ძლევა შესაძლებელია და ამის გასაკეთებლად ძალისხმევას არ დაიშურებენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი პარიზში, 6 მარტს ჩატარდება.