გიორგი ხარაიშვილი “გიოტებორგში” ითამაშებს
“საბურთალოს” კაპიტანი, გიორგი ხარაიშვილი ამიერიდან შვედეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, “გიოტებორგში” ითამაშებს. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწულია, 23 თებერვალს კი ფეხბურთელი შვედეთში ჩავა და კონტრაქტს (1+2.5) ხელს მოაწერს.
“საბურთალოს” პრეს-სამსახურის ცნობით, ხარაიშვილის მიმართ ინტერესს ბელგიის, ჰოლანდიისა და დანიის წამყვანი კლუბები იჩენდნენ, თუმცა “გიოტებორგმა” ყველაზე დიდი ინტერესი გამოხატა.
კახა კაშია (საბურთალოს” აღმასრულებელი დირექტორი):
“გიორგი ხარაიშვილის მიმართ შვედურმა კლუბმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და სწორედაც მათთან მოხდა შეთანხმება. მოლაპარაკება გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი სიტყვიერად გუშინ შევთანხმდით. ხვალ, ფეხბურთელთან ერთად შვედეთში გავემგზავრები და კონტრაქტსაც ხელი იქ მოეწერება.
მიუხედავად იმისა, რომ ხარაიშვილი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს და იმ მიზნებისთვის, რომელიც ჩვენს კლუბს აქვს, ძალიან დაგვეხმარებოდა, მისი განვითარებისთვის ვფიქრობ სწორი ნაბიჯი გადავდგით.
გეზი, რომელიც „საბურთალოს“ აქვს აღებული გრძელდება – გამორჩეულ ფეხბურთელებს გზას ვუხსნით ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში.”
“გიოტებორგმა” 2017 წელს, შვედეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა.