საქართველოს სუპერთასი “ტორპედომ” მოიგო (ვიდეო)
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოსა” და თასის მფლობელ საჩხერის “ჩიხურას” შორის სუპერთასის მატჩი გაიმართა. შეხვედრის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა და უგოლოდ მიილია. ბევრი იყო ორთაბრძოლა და ფეხბურთელები თამაშის წესს ხშირად არღვევდნენ. პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ, თუმცა მეორე ნახევარში “ჩიხურამ” თამაში გაათანაბრა და შეხვედრის 76-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა. შეცვლაზე შემოსული ირაკლი ბუღრიძე დასარტყმელ პოზიციაზე უპრობლემოდ გავიდა და ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაუშვა – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ “ტორპედო” გააქტიურდა და ათ წუთში წონასწორობაც აღადგინა: ჯარიმიდან ჩამოწოდების შემდეგ “ჩიხურას” კიპერმა დინო ჰამზიჩმა გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, შექმნილი არეულობით გიორგი კუხიანიძემ ისარგებლა, რომელმაც მცველებს დაასწრო და ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა – 1:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქუთაისელებმა მეტოქეს საბოლოო დარტყმა მიაყენეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს: საჯარიმოში ბურთის ჩამოწოდების შემდეგ ირაკლი კუტალიამ დასწრებაზე ერთი შეხებით ითამაშა და “ტორპედო” დააწინაურა – 2:1.
ამრიგად, “ტორპედომ” ჩემპიონის თასს სუპერთასი დაუმატა და ეს ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო.
საქართველოს სუპერთასი 2018
“ტორპედო” — “ჩიხურა” 2:1 (0:0)
გოლები: კუხიანიძე 86′, კუტალია 90+1′ — ბუღრიძე 76′.