უეფამ ევროთასების ფორმატში ცვლილებები შეიტანა
უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფორმატში ცვლილებები შეიტანა.
ახალი სქემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირი გზით 26 კლუბი მოხვდება, დანარჩენი ექვსი გუნდი კი ტურნირზე ასპარეზობის უფლებას საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით მოიპოვებს.
პირდაპირი გზით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურები გადაეცემათ:
- ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს;
- უეფას საკლუბო რეიტინგის ოთხი ლიდერი ქვეყნის ოთხ-ოთხ კლუბს (ამ დროისთვის – ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია);
- უეფას საკლუბო რეიტინგის მეექვსე და მეშვიდეადგილოსანი ქვეყნების ორ-ორ კლუბს (ამ დროისთვის – საფრანგეთი, რუსეთი);
- უეფას საკლუბო რეიტინგის მე-7, მე-8, მე-9, მე-10-ადგილოსანი ქვეყნების ჩემპიონებს (ამ დროისთვის – პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი).
თუ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მოიპოვებს, გამოთავისუფლებული ადგილი დაეთმობა უეფას საკლუბო რეიტინგის მე-11-ადგილოსანი ქვეყნის ჩემპიონს (ამ დროისთვის – ჩეხეთი).
თუ ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მოიპოვებს, გამოთავისუფლებული ადგილი დაეთმობა უეფას საკლუბო რეიტინგის მეხუთეადგილოსანი ქვეყნის მესამეადგილოსან კლუბს (ამ დროისთვის – საფრანგეთი).
ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირი გზით 27 კლუბი მოხვდება, დანარჩენი 21 გუნდი კი ტურნირზე ასპარეზობის უფლებას საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით მოიპოვებს.
პირდაპირი გზით ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურები გადაეცემათ:
- უეფას საკლუბო რეიტინგის ხუთი ლიდერი ქვეყნის ორ-ორ კლუბს (ამ დროისთვის – ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი);
- უეფას საკლუბო რეიტინგის მე-6—მე-12 ქვეყნების თითო-თითო კლუბს (ამ დროისთვის – რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია);
- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ეტაპებიდან გამოვარდილ ათ კლუბს.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2018-2019 წლების სეზონიდან შევა.