არაბული: “ახლა მთლიანად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ არაფერს გამოვრიცხავ”
უნგრეთის “ბალმაზიუვაროშში” მოთამაშე ქართველ ლეგიონერს, რომელიც წარსულში თბილისის “საბურთალოში” გამოდიოდა, ამ უკანასკნელი კლუბის ოფიციალური გვერდი დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
ბაჩანამ საუბარი მის ამჟამინდელ კლუბში არსებულ სიტუაციაზე დაიწყო:
– თასზე და ჩემპიონატში ორი მატჩი ვითამაშეთ, სასიხარულოა, რომ ორივეში წარმატებებს მივაღწიეთ. 28 თებერვალს სათასო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გველის „დიორ ეტო“-სთან, რომელთანაც სტუმრად 3:2 გავიმარჯვეთ. კარგი შანსი გვაქვს, რომ ეს ბარიერი დავძლით, დანარჩენს უშუალოდ შეხვედრა დაგვანახებს. ასევე, წლეულს დასაწყისი კარგი გამოგვივიდა ჩემპიონატშიც, სადაც სტუმრად ევროტურნირებზე გამსვლელი კანდიდატი „დებრეცენი“ დავამარცხეთ, რომელიც მესამე ადგილზეა. მათთან გასვლაზე მოგება, კარგის ნიშანია.
– ლაშა შინდაგორიძის გარდა, კიდევ ვინ დაიმატეთ?
– შინდაგორიძის გარდა, კიდევ 3 ახალი ფეხბურთელი გვყავს, უმეტესობა შემტევითი სტილისაა. ერთ-ერთი მათგანი რუდოლფ გერგელია, რომელიც „ჯენოა“-ში კახა კალაძის გუნდელი იყო. ვფიქრობ, წლეულს საგრძნობლად გავძლიერდით.
– როგორ ფიქრობთ, მოახერხებს კლუბი უძლიერესთა რიგებში ადგილის შენარჩუნებას?
– თუ, ბოლო დროინდელ მატჩებს გადავავლებთ თვალს, ეს არ უნდა გაგვიჭირდეს. უკანასკნელი 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. თავდაპირველად, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ მდგომარეობა.
– ლაშა შინდაგორიძე ერთი თვეა, რაც კლუბში ჩაირიცხა. გვითხარით, მის მიმართ როგორ გაჩნდა ინტერესი?
– მთავარი მწვრთნელის დიდი სურვილი იყო, რომ ლაშა თავის რიგებში ეხილა. ადგილობრივებს ჰქონდათ მასზე ინფორმაცია, გარკვეული კონსულტაციები ჩემთანაც გაიარეს. ისიც ვუთხარი, რომ ამ სკოლისა და კლუბის აღზრდილი ვარ. „საბურთალოს“ ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის-მეთქი. ამის მერე გადაწყვიტეს „საბურთალოსთან“ დაკავშირება და ტრანსფერიც შედგა. ლაშა ზუსტად ისეთი სტილის ფეხბურთელია, როგორიც გუნდს სჭირდებოდა. ტესტებმა აჩვენა, რომ შინდაგორიძე გუნდში ყველაზე სწრაფია.
უნგრეთში ლეგიონერებზე თამაში შეზღუდულია, მხოლოდ 3 ფეხბურთელის თამაშის უფლება გაქვს. თუ ისე მოხდა, რომ კლუბმა 3-ზე მეტი ფეხბურთელი გაიყვანა მინდორზე, მაშინ კლუბს ჯარიმის გადახდა უწევს, ჯარიმა კი საკმაოდ სოლიდურია. გუნდს მხოლოდ 5 ლეგიონერის გაყვანა შეუძლია მინდორზე იმ შემთხვევაში, თუ მეტოქე გასული სეზონის ოთხეულის ბინადარია.
– „ბალმაზუივაროშთან“ რომელ წლამდე გაკავშირებთ კონტრაქტი?
– 2019 წლამდე. ახლა მთლიანად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, სეზონი ახალი განახლებულია და ჩვენი დასახული ამოცანა უნდა შევასრულოთ. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს, არაფერს არ გამოვრიცხავ სეზონის დასრულების შემდეგ.
– შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს ჩემპიონატს თვალს თუ ადევნებთ?
– როცა დრო მაქვს ვუყურებ-ხოლმე მატჩებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველას, თუმცა „დინამო“-„საბურთალოსა“ და ცენტრალურ შეხვედრებს, ვუყურებ.
– ბავშვობის დიდი ნაწილი „საბურთალო“-ში გაატარეთ. რას იტყვით ამ კლუბზე, რომელიც წლეულს უძლიერესთა შორის მეოთხე სეზონს იწყებს?
– სამწუხაროდ, „საბურთალოსთან“ ერთად უმაღლეს ლიგაში არ მითამაშია, მაგრამ კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ კლუბთან. სწორედ, თბილისურ კლუბში განვითარდი და ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი. ვხედავ, რომ „საბურთალო“ ეტაპობრივად წინ მიიწევს, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე შედეგებით. გასულ წელს კლუბს ცოტა დააკლდა, რომ ევროტურნირებზე მოხვედრილიყო. ძალიან ვგულშემატკივრობ – მინდა წლეულს წარმატებები და ევროსარბიელზე მოხვედრა ვუსურვო. ეს ფაქტორი, კლუბს კიდევ უფრო განავითარებს.
მინდა ავღნიშნო, რომ „საბურთალოს“ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ჭიაბრიშვილი. “საბურთალოში” ირიცხებიან პერსპექტიული ფეხბურთელები. კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთისადმი სწორი და გამორჩეული მიდგომა აქვთ, რომლებმაც იციან ფეხბურთელის ფასი.
– ბოლოს საქართველოში „საბურთალოდან“ „დინამოში გადახვედით. თქვენი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშეთ და გოლებიც გაიტანეთ. შინაგანად რას გრძნობდით?
– ამ საკითხს პროფესიონალურად ვუდგები – სადაც ვთამაშობ იმ გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯები. თუმცა, თამაშისას მქონდა ის შეგრძნება, რომ იმ კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობდი, რომელსაც ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. „საბურთალოს“ მიმართ ყოველთვის მქონდა მადლიერების გრძნობა და ასე იქნება ბოლომდე.
– ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება. ვინმე ხომ დაგკავშირებიათ?
– ჩემი საქმეა ფეხბურთი ვითამაშო, ამისთვის ბევრს ვშრომობ. თუ დამიკავშირდებიან, რა თქმა უნდა გამეხარდება.
თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური გვერდი