რუმენიგემ ხამეს როდრიგესის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრესასთან ხამეს როდრიგესის მომავალზე ისაუბრა, რომელიც “ალიანც არენაზე” იჯარის წესით ასპარეზობს.
“გუნდში ხამესის მოყვანა კარლო ანჩელოტის იდეა იყო და მე ეს ძალიან სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. ჩვენმა კლუბმა ხამესი უკეთეს მოთამაშედ ჩამოაყალიბა, რაშიც დიდი წვლილი იუპ ჰაინკესსაც მიუძღვის.
ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა. ტექნიკურად ძალიან ძლიერია და შესანიშნავი დარტყმა აქვს. ჩვენ ის ნამდვილ პლეიმეიკერად ვაქციეთ და მისი თამაშით უდიდეს სარგებელს ვიღებთ.
ხამესი “ბაიერნში” არენდით არის, ორი წლის შემდეგ კი მისი გამოსყიდვის უფლება გვექნება (42 მილიონ ევროდ). მაგრამ ხამესის მომავალი 2018 წელს არ გადაწყდება, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამ საკითხზე დასაფიქრებლად,” – აცხადებს რუმენიგე.