ვალვერდე: “მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა; არც ის ვიცი, პენალტი რატომ დანიშნეს”
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის შეხვედები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში კატალონიის “ბარსელონამ” “ლას პალმასთან” სტუმრად ითამაშა და ფრე, 1-1 გააგორა. აღნიშნულ მატჩში იყო რამდენიმე სადავო მომენტი: მასპინძლების მეკარემ, ლეანდრო ჩიჩიზოლამ ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. ასევე, საეჭვო იყო “ბლაგურნას” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი.
დაპირისპირების შემდეგ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს ესაუბრა.
“თერთმეტმეტრიანმა ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. ამის შემდეგ, მეორე ტაიმი ცუდად გაგრძელდა. ისინი შესვენების შემდეგ უფრო ძლიერნი გამოვიდნენ მოედანზე და მათ კიდევ უფრო დიდი მუხტი სწორედ ამ პენალტმა მისცა. მსაჯობა? ამაზე საუბარი არ მსურს. თუმცა, გეტყვით, რომ პირველი ტაიმის შემდეგ არბიტრს ვესაუბრე იმ მომენტზე, როცა მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. პენალტი? ვერ ვხვდები, რის გამო დაინიშნა! სამი ქულის მოპოვება გვსურდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაშვებული გოლის მერე თამაში გაგვიჭირდა. ისინი თავს კარგად იცავდნენ და ქულებიც დაგვაკარგინეს,” – აცხადებს ბასკი.