ფეხბურთის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო (ვიდეო)
“სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში” – სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია ფაბრიკაში გაიმართა. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ჯიპას რექტორმა – მაკა იოსელიანმა კურსის მონაწილეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სტარტი უსურვეს.
ლევან კობიაშვილმა პროგრამის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ჩართულობისთვისა და მხარდაჭერისთვის. “დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. განათლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ გვყავს ძალიან კვალიფიციური პარტნიორი ჯიპას სახით, რომელთან თანამშრომლობაც კურსის უმაღლეს ხარისხს განსაზღვრავს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რადგან საჭიროდ ჩათვალეს და საფეხბურთო განათლება პრიორიტეტად აქციეს. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს პატივი, მოგილოცოთ სასწავლო პროცესის დაწყება, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც უკვე გახდით რჩეულები და დიდი კონკურენციის შედეგად ამ კურსის მონაწილეები ხართ,”- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
სასპორტო განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება მიხეილ გიორგაძემ: „ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენმა ქვეყანამ განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა. ბუნებრივია, რომ სასპორტო განათლება მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსურს მთელი გულით მივესალმო ამ პროექტს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციისა და ჯიპას ერთობლივ თანამშრომლობას გულისხმობს სამწლიანი მემორანდუმის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბევრ საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებენ. წარმოუდგენელია, რომ სპორტში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში რაიმე წარმატებაზე ვისაუბროთ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე.”
„გილოცავთ ამ საინტერესო პროექტის დაწყებას. უპირველესად, მსურს, ვისაუბრო ფეხბურთის ფედერაციის გუნდზე, ლევანის ხელმძღვანელობით. ჩვენს რეალობაში იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ასეთი პროგრესული, ასეთი ზუსტი და დროული მიდგომა აქვს ინსტიტუციას სფეროს განვითარების მიმართ. ინსტიტუცია ხედავს და გრძნობს დღევანდელ მოთხოვნებს და იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია განათლება ზოგადად ნებისმიერი სფეროს განვითარებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, მიუხედავად საკუთარი დიდი გამოცდილებისა, არ ჩაიკეტა საკუთარ თავში და მიხვდა, რომ ასეთ პროექტებს სჭირდება კოლაბორაცია. ის, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის როგორც რაციონალურად, ისე ემოციურად ამაზე ყველანი ვთანხმდებით. როდესაც კურსზე მიღება გამოვაცხადეთ, იმდენად დიდი იყო მსურველთა რაოდენობა, რომ საკომუნიკაციო არხები გადაიტვირთა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ სფეროს მიღმა მოღვაწე ადამიანებსაც მიეცემათ აღნიშნული კურსის გავლის საშუალება.“- აღნიშნა ჯიპას რექტორმა, მაკა იოსელიანმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პირველი და უახლესი ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამა უფასოა მსურველთათვის და სრულად ფინანსდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ.
პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 5 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.
პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.
„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“2018 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.
Gff.Ge