“გვარდიოლა დაბალი თვითშეფასების ადამიანია და ავტორიტეტის დაკარგვის ეშინია”
მიუნხენის “ბაიერნის” გამოცდილმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ხოსეპ გვარდიოლასთან დაძაბული ურთიერთობის პერიოდი გაიხსენა. 2015 წლის ნოემბერში ბავარიულ გუნდში 38-წლიანი მუშაობის შემდეგ დოქტორი მთავარ მწვრთნელთან არსებული კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს.
“ჩემი აზრით, გვარდიოლა დაბალი თვითშეფასების ადამიანია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს დამალოს. ის მუმდივ შიშში ცხოვრობს. მას მარცხის იმდენად არ ეშინია, რამდენადაც ძალაუფლებისა და ავტორიტეტის დაკარგვის.
გვარდიოლამ ყოველთვის ყველაზე მეტი იცოდა. როდესაც საქმე ტრავმასთან გვქონდა, ის ერთი მხრივ დიდად არ ინტერესდებოდა დაზიანების მნიშვნელობით, თუმცა მეორე მხრივ ჩვენგან სამედიცინო სასწაულის ჩადენას ელოდა.
მედია გვარდიოლას ინოვატორ და რევოლუციურ მწვრთნელადაც ნათლავდა, თუმცა “ბაიერნში” მან საათი უკან დაატრიალა.
გუნდში მისი მუშაობის პირველ სეზონში კუნთებთან დაკავშირებული ბევრი ტრავმა გვქონდა. გვარდიოლა ფეხბურთელებისთვის ხუთწუთიან მოთელვებს აკეთებდა და ეგონა, რომ ეს კარგი იყო. ერთხელ გვითხრა, აქ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო შტაბი მეგულებოდა და სინამდვილეში ორი ფეხბურთელი საკმაოდ დიდი ხნით ტრავმის გამო გამოგვაკლდაო.
გუნდიდან ჩემს გათავისუფლებამდე პეპს ვუყვირე და მაგიდაზე მუშტი იმდენად ძლიერად დავარტყი, რომ ჭურჭელი შეზანზარდა. “ბაიერნში” მუშაობის პერიოდში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ხმას ავუწიე. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემზხე უმცროსი ასაკის ადამიანი ჩემს სფეროზე საუბრის დროს არც კი მისმენდა”, – დაწერა ავტობიოგრაფიულ წიგნში მიულერ-ვოლფარტმა.