“ბაიერნმა” “ბეშიქთაშს” თურქეთშიც მოუგო (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბეშიქთაშსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის განმეორებითი მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში გამანადგურებელი ანგარიშით (0:5) მარცხის შემდეგ თურქებს ისღა დარჩენოდათ, კლუბის ღირსების დასაცავად ებრძოლათ. საერთო ჯამში, “ბეშიქთაშმა” “ბაიერნის” წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა და 59-ე წუთზე ვაგნერ ლავმა გაიტანა კიდეც, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მანამდე გერმანელებს უკვე ჰქონდათ ორი ბურთი გატანილი: მე-18 წუთზე ანგარიში ტიაგო ალკანტარამ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზევე გიოკჰან გიონულმა ავტოგოლი ჩაიწერა. თურქები წონასწორობის აღდგენას ეცადნენ, მაგრამ 84-ე წუთზე სანდრო ვაგნერმა მასპინძელთა კარში მესამე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
“ბაიერნი” მეოთხედფინალურ ეტაპზე მეტოქის ვინაობას 16 მარტს გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (განმეორებითი მატჩი)
“ბეშიქთაში” — “ბაიერნი” 1:3 (ორი მატჩის ჯამში 1:8)
გოლები: ვაგნერ ლავი 59′ — ტიაგო ალკანტარა 18′, გიონული 46′ (ა.გ.), ვაგნერი 84′.